საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ევროპული სტანდარტების ტექნიკა რეგიონებს გადასცა

© photo: Emergency Management Service / FBსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ევროპული სტანდარტების ტექნიკა რეგიონებს გადასცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ევროპული სტანდარტების ტექნიკა რეგიონებს გადასცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამმართველოებს გადაეცა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ავტომობილები მეხანძრე-მაშველებს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროს დავით სუხიშვილთან ერთად გადასცა. ბათუმში ახალი ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდა.

„მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამმართველოებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გერმანული სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა ბორჯომისთვის.

„მეხანძრე-მაშველებმა ახალ ავტომობილებთან მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა. „მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია „ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.

გარდა ამისა, დაგეგმილია „ფორდ კარგოს“ მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანების გადანაწილება რეგიონებში. ეს მუნიციპალური სპეცტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოდან გამოთავისუფლდა. უახლოეს მომავალში, მოხდება მათი სრული ტექნიკურ-ვიზუალური განახლება და 24 ავტომანქანა შემდეგ რეგიონებს გადაეცემა - აჭარა - 3, გურია - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1, შიდა ქართლი - 3, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 4, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 3.

ყველა ახალი ამბავი
0