21:12 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
108 0 0

თბილისი უერთდება იმ ქვეყნებს, რომლებშიც ყოველწლიურად 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ძეგლი დაიდგება, შესაბამისი ინიციატივით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას >>

კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ისრაელის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს აღნიშნული ინიციატივა გააცნო.

„27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე გვსურს, რომ თბილისიც ამ ქვეყნებს შეუერთდეს და ჩვენს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გეოგრაფიული ობიექტი დაარსდეს“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისი თქმით, ობიექტის დაარსების საკითხში კომისია საქართველოში ისრაელის საელჩოსთან და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ებრაულ ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლებს.

ისრაელის ელჩმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

რან გიდორი საქართველოში ელჩად 2020 წლის 13 იანვარს დაინიშნა. ამ პოსტზე მან შაბთაი ცური შეცვალა, რომელმაც საქართველოში რვა წლის განმავლობაში იმუშავა.

საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე (International Holocaust Remembrance Day) 27 იანვარს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წლის 1 ნოემბერს შეარჩია. დოკუმენტის მიღების ინიციატორები იყვნენ ისრაელი, კანადა, ავსტრალია, რუსეთი, უკრაინა, აშშ, ხოლო მათი თანაავტორები – 90-ზე მეტი სახელმწიფო.

27 იანვარი შემთხვევით არ შეირჩა. ამ დღეს საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“, რომელსაც „სიკვდილის ბანაკს“ უწოდებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 1941-1945 წლებში ამ ბანაკში მოკლეს დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, საიდანაც 1 მილიონზე მეტი ებრაელი იყო.

მთავარი თემები