წყალტუბოს რაიონში ბინას კიდევ 560 დევნილ ოჯახს გადასცემენ

© photo: Sputnikსაცხოვრებელი სახლის მშენებლობა
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში დასრულდება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კიდევ რვა საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.

აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში დასრულდება.

ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 23 ოჯახს გადასცა>>

პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია.

მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ფართი 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ დევნილებს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლებში იცხოვრებენ", – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

პროექტი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები.

დევნილების საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ბინები ორი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი ბინები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი იოსელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, წყალტუბოს გარდა, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელ სახლებს ზუგდიდსა და ქუთაისშიც აშენებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია.

ჯამში პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

როგორი ბინები გადასცა მცხეთაში მთავრობამ დევნილებს>>

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0