09:48 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (307)
191 0 0

2019 წლის 11 თვეში 5,3 ათასზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 427 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 7,3 ათასი დაშავდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოში შეისწავლიან და მონიშნავენ ავტომაგისტრალების იმ მონაკვეთებს, ე.წ. შავ წერტილებს, სადაც ყველაზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ხდება. შესაბამისი ცვლილებები „საავტომობილო გზების შესახებ" კანონში განსახილველად პარლამენტშია წარდგენილი.

საქართველოს გზებზე უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო. 2018 წელს ქვეყანაში დაახლოებით 6,5 ათასი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგადაც 459 ადამიანი დაიღუპა და 9 ათასი დაშავდა. 2019 წლის 11 თვეში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 5,3 ათასს გადააჭარბა, შედეგად დაიღუპა 427 ადამიანი და დაშავდა თითქმის 7,3 ათასი.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „შავ წერტილად“ განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში სამი კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ ოთხი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ შსს-მ აუცილებლად უნდა დაადგინოს „შავი წერტილები" და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოს (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები „შავი წერტილის“ აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, რაც, შესაძლოა, გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას.

შესწორებები კანონპროექტში ამოქმედდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას მესამე მოსმენით მიიღებს და შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

ექსპერტებს მოსწონთ

„შავი წერტილების" მონიშვნა და შესწავლა მნიშვნელოვნად შეამცირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ.

„თუ საქმეში საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ჩაერთვებიან, აღმოვაჩენთ, რომ ავარიის ადგილზე არ იყო კარგი განათება, ან შეზღუდული იყო ხილვადობა, ან კარგად არ ჩანს საგზაო ნიშანი. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის, ადამიანური ფაქტორიც. ამიტომ „შავი წერტილების" მონიშვნა პრობლემის აღმოსაფხვრელად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია", – აღნიშნა ოგბაიძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოში გზები ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა ავტომობილების გაზრდილი ნაკადი ავარიების პროვოცირებას ახდენს.

„საქართველოში ამდენი გზა ადრე არასდროს არ გაუყვანიათ და არ შეუკეთებიათ. გზები თითქოს მოწესრიგებულია. მაგრამ ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, სიჩქარის გადაჭარბება მანქანის მართვისას ავარიების მატების საფრთხეს ზრდის. და, რასაკვირველია, ადამიანური ფაქტორი, როდესაც იგი ვერ აცნობიერებს, როგორ ტრაგიკულად შეიძლება დამთავრდეს სიჩქარის გადაჭარბება", – ამბობს დეპუტატი.

ამასთან, მან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მატების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორები დაასახელა.

„მიმაჩნია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ხდება ყველაზე ხშირად ავარიები. სახიფათო ლოკაციების მოძიება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ავადმყოფისთვის დიაგნოზის დასასმელად ანალიზების ჩატარება", – აღნიშნა ოგბაიძემ.

გზებზე უსაფრთხოება პრიორიტეტია

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში გამკაცრდა სასჯელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. მას შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა: მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევების შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლი მართვის მოწმობის გარეშე რჩება. ქულების დაკლების სისტემა არ ვრცელდება ვიდეოჯარიმებზე.

2017 წლის ნოემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა არა მხოლოდ სექციური რადარები, არამედ „ჭკვიანი კამერები", რომელთა მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათ შეუძლიათ წესრიგის დამრღვევის ავტომატურ რეჟიმში ამოცნობა და ჯარიმის გამოწერა. ისინი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში განთავსებული ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით მუშაობენ. 2018 წლიდან დაიწყო გზებზე ვიდეოდაკვირვების ეროვნული სისტემის სრული განახლება.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (307)

მთავარი თემები