02:14 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2119)
152 0 0

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთო აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა, მოუწევდა თუ არა საპყრობილეში შებრუნება, ორი უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად პროფესორი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინიციატივასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, 15 იანვარი მისთვის ძალიან სიმბოლურია, ამიტომ გადაწყვიტა, ორი უნივერსიტეტიდან მიღებული შემოსავლით საუკეთესო სტუდენტს, რომელსაც ექნება საუკეთესო მოსწრებისა და შეფასებითი მაჩვენებელი მიმდინარე სემესტრში, სრულიად დაუფინანსოს საზაფხულო სკოლა რიგის ან გორლიცის უნივერსიტეტში.

„ამ დღეს თქვენი, მეგობრების და საზოგადოების ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი. მინდა ამ დღეს „სამაგიერო გადაგიხადოთ“. დიდი მადლობა ყველას, ვისაც გჯეროდათ ჩემი. ჩემს გამოცდილებას და რესურსს მოვახმარ მომავალ თაობას, რომელიც ძალიან მაგარ საქართველოს შექმნის“, – წერს ოთარ აბესაძე.

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე 2018 წლის 15 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი, 28 წლის ოთარ აბესაძე დააკავა. ახალგაზრდა ჩინოსნის დაკავება სკანდალური და რეზონანსული საქმე გამოდგა. საზოგადოება მძაფრი ინტერესით განიხილავდა ამ ამბავს, ოთო აბესაძეს მკაცრად განსჯიდა, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კი ხალხი თანაგრძნობით განაწყო და პეტიციაც შედგა მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

გამოძიების მტკიცებით, ის მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე ტივზე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვის აღებას 3 ათასი დოლარის ნაცვლად დაჰპირდა. დანაშაული, რომელსაც გამოძიება აბესაძეს ედავებოდა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ აბესაძემ სასამართლო დარბაზიდან საზოგადოებას ბოდიში საჯაროდ მოუხადა. მას თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე გულის შეტევა ემართებოდა და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა. საბოლოოდ სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს.

ოთარ აბესაძე ეკონომიკის დოქტორია და ლექციებსაც კითხულობდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა, მოუწევდა თუ არა საპყრობილეში შებრუნება, ორი უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო. ციხეში ყოფნისას „ოცნების” ყოფილმა წევრმა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და დეა აფციაურზე იქორწინა. ქორწინებას მხოლოდ წყვილი, საჯარო რეესტრისა და ციხის თანამშრომლები ესწრებოდნენ. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ოთო აბესაძე და მისი მეუღლე დეა აფციაური მალე გოგოს მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ოთო აბესაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ექოსკოპიაზე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2119)

მთავარი თემები