შიდა ქართლში XVII საუკუნის ციხე აღადგინეს

გამოწერა
ისტორიული ძეგლის აღდგენა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ისტორიული ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

XVII საუკუნის დასაწყისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები სავალალო მდგომარეობაში იყო, დანგრეული ფრაგმენტების მიხედვით არქიტექტორებმა ძეგლი პირვანდელი სახით აღადგინეს.

ისტორიული ძეგლის აღდგენა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მუცო - Sputnik საქართველო
მუცოს ისტორიულმა ციხემ საქართველოში კიდევ ერთი ჯილდო მიიღო

სარესტავრაციო პროცესი, რომელიც შპს „ბედეკი WESTI"-მ განახორციელა, არქიტექტურული კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის, შუა ბურჯისა და აღმოსავლეთის გალავნის აღდგენას მოიცავდა.

ციხის მეორე და მესამე ბანის სართულზე ხის მასალისგან მოეწყო ფიცრის იატაკი, დამონტაჟდა სართულებზე ასასვლელი სამი ხის კიბე და კარი. ციხის ინტერიერსა და ფასადებზე სრულად აღდგა მოშლილი საპირე წყობები. ავთენტური ფორმის სათოფურებითა და ღიობებით რესტავრირდა ჩამოშლილი კედლის საპირე წყობა. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის ზედა სეგმენტზე მოეწყო ნახევარწრიული ქონგურები, შეიცვალა ღიობების თავზე არსებული დაზიანებული ხის ზღუდარები.

არქიტექტორების წყალობით ციხის თანამედროვე იერსახე უკვე არ განსხვავდება მისი პირვანდელი ვარიანტისგან.

არქიტექტორებმა აღადგინეს აგრეთვე არცთუ დიდი ეკლესია, რომელიც ციხის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე შესამჩნევია თარიღი "1666 წელი". ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ტაძარი როსტომ მეფის მეუღლის, დედოფალ მარიამის ბრძანებით აშენდა. ასევე ცნობილია, რომ თავიდან ეკლესია აშენდა, მოგვიანებით კი მის ირგვლივ ციხე-სიმაგრე გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0