22:15 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (89)
36 0 0

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან, ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

„ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან", – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელთ არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

ამ განცხადებაშივე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

ოთხშაბათს, 8 იანვარს იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ლაინერი Boeing 737 ირანული მხარის მიერ შეცდომით გაშვებული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. საუბედუროდ, ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), 10 შვედი, 4 ავღანელი და 3-3 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ.

ავიაკატასტროფის შემდეგ საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (89)

მთავარი თემები