თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 700-ზე მეტი განაცხადი განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
2013 წელს მაშინდელმა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პროექტი „სოფლად სახლი" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის კერძო სახლებს ყიდულობს საკარმიდამო ნაკვეთებით. დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა უტარდება.
2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში სახლი 4000-მდე დევნილ ოჯახს შეუძინა. პროექტის ფარგლებში მარტო 2019 წელს ახალმოსახლეობა საქართველოს მასშტაბით 1050 დევნილმა იზეიმა.
სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.