20:46 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
29 0 0

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, სიაში არ აღმოჩნდა გიორგი მამალაძე.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლ კაციას მოლოდინი ჰქონდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, სიაში არ აღმოჩნდა მამალაძე. თუმცა წმინდა სინოდმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით 8 ნოემბერს მიმართა.

„მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი. ველოდი, რომ შეიწყალებდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან  მეუფე გრიგოლმა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დეკანოზი არ იყოს ციხეში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზიც. მისი აზრით, ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებული იყოს.

„შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს. უნდა გავარკვიოთ, ბრალი რაში ედება და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

როგორც მან განმარტა, საეკლესიო გაგების თანახმად, შეწყალება ქრისტიანული აზრით სხვა შინაარსისაა და იურისპრუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. 

„დაე, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. პრეზიდენტმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყალების გამკაცრებული კრიტერიუმების პირობებში მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამონაკლისი უნდა დაშვებულიყო, მაშინ, როდესაც ბევრი მსჯავრდებულის საქმის გადახედვა ვერ მოხდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

მთავარი თემები