12:52 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (767)
95 0 0

2019 წელი უკვე წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, ყოველი წლის ბოლოს გვიწევს ხოლმე მძიმე დანაკარგებზე წერაც... იმ ადამიანებზე, რომლებიც 2019 წელს სამუდამოდ წავიდნენ ამ ცხოვრებიდან, მაგრამ განსაკუთრებული კვალი დატოვეს, რომელსაც შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს.

გიორგი დანელია

საქართველო 2019 წელს არაერთ ლეგენდარულ პიროვნებას გამოემშვიდობა. ერთ-ერთი მათგანი იყო გამოჩენილი კინორეჟისორი გიორგი დანელია, რომელიც 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი დანელია
© photo: Sputnik / Sergey Pyatakov
გიორგი დანელია

იგი მოსკოვში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმების მცდელობის მიუხედავად, მაესტროს გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი დანელია დიდებული კინორეჟისორი და სცენარისტია. მის დაუვიწყარ ფილმებს შორისაა: „მე ვსეირნობ მოსკოვში“, „არ დაიდარდო!“, „აფონია“, „მიმინო“, „პასპორტი“, „ქინ-ძა-ძა!“... დანელია უდავოდ ქართული კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიდოსტატია.

გურანდა გაბუნია

თეატრისა და კინოს ლეგენდარული ქართველი მსახიობი, სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია თებერვალში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Гуранда Габуния
გურანდა გაბუნია

გურანდა გაბუნია 1938 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, საქართველოს რამიშვილისა და სუხიშვილის სახელობის სახალხო ცეკვის აკადემიურ ანსამბლში, ქალაქ რუსთავის ახალგაზრდულ თეატრში, თბილისის ახალგაზრდულ თეატრში. 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. მას არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.

მიხეილ კობახიძე

ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლისა გარდაიცვალა. ბოლო წლებში კინემატოგრაფისტი მძიმე სენს ებრძოდა.

Грузинский кинорежиссер Михаил Кобахидзе
მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე 1939 წელს თბილისში დაიბადა. 1959 წლიდან 1965 წლამდე სწავლობდა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. პირველი ფილმი ინსტიტუტის მეორე კურსზე გადაიღო. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი „ქოლგა“ დაჯილდოებულია „ვერცხლის დრაკონით“ და  დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრაკოვის კინოფესტივალის პრიზით 1967 წელს. კობახიძეს საქართველოში ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. 1996 წელს საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, პარიზში. 1996 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა.

გია ყანჩელი

2019 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, „სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი.

Композитор Гия Канчели
გია ყანჩელი

ყანჩელი არის მრავალი პრემიისა და წოდების მფლობელი. იყო საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი და სსრკ-ის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი, პრემია „ნიკას“ მფლობელი საუკეთესო კინომუსიკისთვის, რომელიც ფილმ „ქინ-ძა-ძასთვის“ შექმნა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე და რუსეთის კინემატოგრაფისტთა აკადემიის - „ნიკას“ - აკადემიკოსი.

მარლენ ხუციევი

თბილისის მკვიდრი, ცნობილი კინორეჟისორი, სცენარის ავტორი, მსახიობი და პედაგოგი მარლენ ხუციევი 19 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Марлен Хуциев на съемках фильма Июльский дождь
© photo: Sputnik / A. Knyazev
მარლენ ხუციევი

მარლენ ხუციევი არის ავტორი ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა „ქალაქის მშენებლები“, „გაზაფხული ზარეჩნის ქუჩაზე“, „ორი თევდორე“, „ივლისის წვიმა“, „იყო მაისის თვე“, „პარიზის წითელი იალქანი“ და სხვ. მას გადაღებული აქვს ასევე დოკუმენტური ფილმები „და მაინც მჯერა“ და „1941 წლის ადამიანები“.

ხუციევი - საბჭოთა კინოს საყოველთაოდ აღიარებული კლასიკოსია. მის კინოსურათებს არაერთხელ წარუდგენიათ საბჭოთა კინემატოგრაფი საზღვრებს გარეთ და სხვადასხვა კინოფესტივალის პრიზიც მოუპოვებია. მაგრამ მთავარი მაინც სახალხო სიყვარულია, რომელიც ავტორმა გულწრფელობისთვის, დიდი სიკეთისა და მაღალი მორალური პრინციპების დაცვისათვის დაიმსახურა.

ზაზა ურუშაძე

2019 წლის ერთ-ერთი უდიდესი დანაკარგი იყო ნიჭიერი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის გარდაცვალება. იგი გულის შეტევით 53 წლის ასაკში დაიღუპა.

Кинорежиссер Заза Урушадзе
© photo: AFP 2019 / ROBYN BECK
ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძე - თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინორეჟისორი იყო. იგი არის ავტორი გახმაურებული ფილმისა „მანდარინები“, რომელიც 2015 წელს პრემია „ოსკარის“ ნომინანტი გახდა „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ კატეგორიაში (ფილმი ესტონეთმა წარადგინა). 2016 წელს ურუშაძის ფილმმა „საუკეთესო ევროპული ფილმის“ ნომინაციაში ანტონიო გაუდის სახელობის კატალონიის პრემია მოიპოვა. გასული წლის სექტემბერში ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინემატოგრაფიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მიზეზად კინორეჟისორმა „არაჯანსაღი პროცესი“ და ინტრიგები დაასახელა.

ლევან ჩხაიძე

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომელი და პოპულარული წამყვანი ლევან ჩხაიძე იანვარში ბუდაპეშტში გარდაიცვალა.

ლევან ჩხაიძე
ლევან ჩხაიძე

ჩხაიძე უნგრეთის დედაქალაქში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა. ჟურნალისტი მხოლოდ 34 წლის იყო. თავისი კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხზე. „ტვ პირველზე“ 2018 წლის იანვარში გადავიდა. მანამდე ჟურნალისტი იყო ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომელი.

ლია გულუა

2019 წელს ვენაში უეცრად გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი ლია გულუა.

Лия Гулуа
ლია გულუა

მისი ცხედარი სააბაზანო ოთახში იპოვეს. გულუა 38 წლის იყო. მას დარჩა ორი შვილი. ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული ლია გულუა იყო მრავალი არტპროექტისა და პერფორმანსის ავტორი.

ნიკა გუჯეჯიანი

ქართველი მარკეტოლოგის, ნიკა გუჯეჯიანის ნაადრევმა სიკვდილმა ბევრს დაწყვიტა გული. ნიჭიერი 26 წლის რეკლამის „ასი“ საქართველოში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

Ника Гуджеджиани
ნიკა გუჯეჯიანი

საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა 2019 წლის 15 მარტს თბილისი-კახეთის დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა. ჯიპი, რომელსაც გუჯეჯიანი მართავდა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა და სატვირთო მანქანას შეეჯახა. ტრავმების შედეგად ჯიპის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ნიკას დაღუპვის შემდეგ საქართველოში მარკეტოლოგიის სფეროში მისი სახელობის პრემია დაწესდა.

თამარ ბაბილუა

მძიმე სენს ვერ გაუმკლავდა ახალგაზრდა პიანისტი და ბენდ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა. იგი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Тамар Бабилуа (Баби)
© photo: Sputnik / Denis Aslanov
თამარ ბაბილუა

ბაბიმ - ამ სახელით იცნობს მას ბევრი - ფორტეპიანოზე ზედიზედ 25 საათის განმავლობაში დაკვრით რეკორდი დაამყარა. ექსპერიმენტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 28-დან 29 მარტამდე ჩატარდა. ამ დროის განმავლობაში თამარმა შეასრულა 500 კომპოზიცია - როგორც საკუთარი, ისე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

გიორგი გოგიჩაიშვილი

ბავშვების კუმირი გიორგი გოგიჩაიშვილი, ყველასთვის ცნობილი გოგიჩას ფსევდონიმით, მძიმე დაავადებისგან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

Нана Гогичаишвили, Натия Бадзеладзе, Георгий Гогичаишвили и Нини Гогичаишвили
გიორგი გოგიჩაიშვილი ოჯახთან ერთად

მსახიობსა და ტელეწამყვანს ოპერაცია სტამბოლში გაუკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა და სავალალო შედეგით დასრულდა. გოგიჩას სახელს უკავშირდება პოპულარული საბავშვო ტელეგადაცემა „ბასტი-ბუბუ“. ცხოვრების დიდი ნაწილი ტელეწამყვანმა ბავშვებს მიუძღვნა და ქართული შოუბიზნესის არაერთი ნიჭიერი თაობა გაზარდა. 2015 წლამდე გიორგი გოგიჩაიშვილი პირველ არხზე მუშაობდა და საბავშვო პროგრამა მიჰყავდა.

შავი პრინცი

2019 წელი უკანასკნელი აღმოჩნდა ჰიპ-ჰოპის პოპულარული ქართველი შემსრულებლისთვის, აკაკი ბაბუნაშვილისთვის, რომელსაც მსმენელი შავი პრინცის ფსევდონიმით იცნობდა. იგი 48 წლის ასაკში ბათუმში თირკმელების დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

Акаки Бабунашвили
Акаки Бабунашвили

შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს შექმნა ჯგუფი „ძებნილები“. ბოლო წლებში მუსიკალური კარიერა მიატოვა.

დავით წერედიანი

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელი, პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 83 წლის ასაკში 2019 წლის მიწურულს გარდაიცვალა.

Поэт и переводчик Давид Цередиани
დავით წერედიანი

მრავალი წელი წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. 1981 წლიდან შეუდგა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას. მის ცნობილ თარგმანებს შორისაა გერმანელი და ფრანგი კლასიკოსების საუკეთესო ნაწარმოებები: ფრანსუა ვიიონის, ბოდლერის თხზულებები, გოეთეს „ფაუსტი“, ძმები გრიმების ზღაპრები. ცოტა ხნის წინ თარგმნა ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“. იგი არის ლიტერატურული ესეების, ნარკვევებისა და რამდენიმე კრებულის ავტორი, 2012 წელს გახდა პრემია „საბას“ ლაურეატი. 2014 წელს წერედიანმა მიიღო პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

თემები:
საქართველო და კულტურა (767)

მთავარი თემები