ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ქალაქი აშენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს მომავალში ათასზე მეტი ქართველი სამხედრო შეძლებს მახათას მთაზე შეღავათიან ფასებში ბინების შეძენას.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ბინების შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს.

„მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვაზიანის სამხედრო ბაზა - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ახალი პროექტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ ახლა მათ უწევთ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.

კერძო კომპანიის ნაცვლად მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 აშშ დოლარი იქნება, თუმცა სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, ისინი ისარგებლებენ უპროცენტო შიდა განვადებით.

მინისტრის სიტყვებით, პირველ ეტაპზე პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს.

სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფოსგან 1,7 ათასი სამხედრო დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.

 

ყველა ახალი ამბავი
0