18:29 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

მიმდინარე წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 270 დაშავდა, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

გასულ წელს სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა და 199 დაშავდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 25 ადამიანი, 71 კი დაშავდა.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდა, სექტემბრიდან კი ძალაში სრულად შევიდა. 

სექტემბრამდე კანონი მხოლოდ მძიმე, საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდებოდა, სექტემბრიდან კი იგი მოქმედებს იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც დასაქმებული არიან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა სექტორში.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა, დაშავებულთა რიცხვი კი 32%-ით.

2019 წლის 1 სექტემბრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ან დაიქირავოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. შესაბამისი სიახლე გათვალისწინებულია ცვლილებით, რომელიც შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“.

კანონში ცვლილებებმა ასევე გააფართოვა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფლებამოსილება – ინსპექტორებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ყველა კომპანიის შემოწმება შეუძლიათ.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დეპარტამენტს უფლება აქვს დამსაქმებელს ან ჯარიმა გამოუწეროს, ან გაფრთხილება მისცეს.

შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დასაქმებულთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

მთავარი თემები