თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.
ამასთან, დეპუტატმა განაცხადა, რომ მისი ფრაქცია ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას. „ნაცმოძრაობა" და კიდევ 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია 14 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავს და მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვს.
„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ!" – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამ მეთოდს ოპოზიცია პირველად არ მიმართავს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს – ბოქლომი დაადეს ყველა შესასვლელ ჭიშკარს და კარვები გაშალეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, ხელი არ შეეშალათ დეპუტატების საქმიანობისთვის, აქციის მონაწილეებმა უარ განაცხადეს დაშლაზე. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს.
ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება. როგორც ოპოზიციისა და ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" ლიდერებმა განაცხადეს, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და პიკეტირების გაგრძელებას გეგმავენ.
ამ კვირაში პლენარული სხდომები ჩანიშნული არ არის – ეს საკომიტეტო კვირაა.