მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა. წყვილს სექტემბერში მეორე შვილი შეეძინა. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. პატარას სახეს არც მშობლები და არც ბებია, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ჯერ არ აჩენენ.
თოშას და ქეთის შარშან ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია. ქეთი ჟღენტს აქტიური ორსულობა ჰქონდა და ის ზაფხულში საფრანგეთშიც იმყოფებოდა. ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ კანის სანაპიროზე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ კიდეც.
„თოშამ ჩემს მშობლებთან ითხოვა, რომ დავნიშნულიყავით და სწავლის დასრულების შემდგომ დავქორწინებულიყავით. ამის შემდეგ გავემგზავრეთ კანში, თოშას მშობლების გასაცნობად. მაგრამ მოხდა ისე, რომ 18 აგვისტოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე მთხოვა ხელი, ეს იყო საყვარელი სურპრიზი, თოშამ მთხოვა ცაში ამეხედა, სადაც თვითმფრინავი მოფრინავდა სიტყვებით "Katie, marry me", გვერდით კი ჩვენი მეგობრები იმალებოდნენ, რომლებიც ჩემი თანხმობის შემდეგ გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება“, – იხსენებს ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.
ამჟამად წყვილი იტალიაში, კერძოდ, მილანში იმყოფება და, როგორც ქეთის Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან და „სთორებიდან“ ჩანს, დროს არაჩვეულებრივად ატარებენ. როგორც ჩანს, წყვილმა მილანში შოპინგიც გადაწყვიტა. ქეთი აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდული მაღაზიებიდან.