განათლების ახალმა მინისტრმა პირველი დავალება მიიღო

© Government of Georgiaმიხეილ ჩხინკელი
მიხეილ ჩხინკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიხეილ ჩხენკელი უკვე დიდი ხანია ჩართულია ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს დაავალა, პროფესიულ განათლებას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება. მთავრობა პროფგანათლების სფეროში რიგი არსებითი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. მათ შორის, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

„დღეს პროფესიული განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა უახლოეს წლებში შრომის ბაზარზე დისბალანსის აღმოფხვრა შევძლოთ. ბატონო მიხეილ, მინდა, რომ თქვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ", – მიმართა გახარიამ მთავრობის სხდომაზე ახალ მინისტრს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩხენკელი აქტიურად იყო ჩართული როგორც რეფორმის მომზადების, ისე მისი რეალიზების პროცესში. მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ჩხენკელი მთავრობის მეთაურის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში.

„მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, თუ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებოდა ეს რეფორმა, როგორ ხდებოდა მისი აღსრულება, რაც არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი... მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს დღეს უაღრესად წარმატებულად განათლების სამინისტროში", – განაცხადა გახარიამ.

განათლების რეფორმა ოთხ წელზეა გათვლილი. იგი ხუთ მიმართულებას მოიცავს – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ხელისუფლების სურვილია საქართველო კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს.

მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე იყო, მანამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0