არატრადიციული სიყვარულის შესახებ ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

© photo: And Then We Danced / FB"და ჩვენ ვიცეკვეთ"
და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, მხოლოდ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „ექსტრემისტული ჯგუფების" მხრიდან თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არატრადიციული სიყვარულის შესახებ ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენება

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ქვეყანაში მორალის დამცველად გვევლინება, და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

კინოჩვენებები თბილისსა და ბათუმში 8-10 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს – იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან", – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში დაუშვებელია ნებისმიერი ცენზურა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ქვეყანაში შემოქმედების თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
„ეს შუასაუკუნეობრივი აზროვნებაა" – ლომჯარია ფილმის პრემიერის ჩაშლის წინააღმდეგია

„ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს", – ნათქვამია განცხადებაში.

კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, მხოლოდ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მოწინააღმდეგეთა რადიკალური განწყობა გააკრიტიკა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალადობაც მიუღებელია.

ყველა ახალი ამბავი
0