თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდება თბილისელ ერიკ სარქისიანს ერგო – სწორედ ის წარადგენს ქვეყანას მზარეულთა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე საფრანგეთში Bocuse d'Or („ოქროს ბოქიუზი"), აცნობეს მზარეულთა კონკურსის ორგანიზატორებმა „Sputnik-საქართველოს".
ერიკ სარქისიანმა თავის გუნდთან ერთად მოამზადა ღორის სუკი სამი ტექნოლოგიით სეზონური გარნირით. მეორე ადგილი დაიკავა გაბრიელ წიკლაურმა, ხოლო მესამე – გიორგი არაბულმა.
გამარჯვებული ორი დღის განმავლობაში – 2 და 3 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში მიმდინარე კონკურსზე გამოავლინეს. მზარეულების შემოქმედებას აფასებდა ჟიური, რომლის წევრი იყო ლევან კობიაშვილიც – საქართველოს Bocuse d'Or-ის პრეზიდენტი.
მზარეულებისთვის „ოქროს ბოქიუზი" იგივეა, რაც „ოსკარი" კინემატოგრაფისტებისთვის ან ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება სპორტსმენებისთვის. კონკურსში გამარჯვება არა მხოლოდ უხსნის მის მონაწილეებს მიმზიდველ პერსპექტივებს, არამედ ამაღლებს ქვეყნის კულტურულ პრესტიჟს, ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნულ სამზარეულოზე, აგრეთვე გასტრონომიული ინდუსტრიის განვითარების დონეზე.
Bocuse d'Or-ში მონაწილეობის უფლება საქართველომ 2019 წელს წარმატებული გამოსვლის წყალობით მოიპოვა კულინარიულ გამოფენაზე Sirha, ფრანგული გასტრონომიის დედაქალაქ ლიონში. კონკურსი ატარებს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულის პოლ ბოქიუზის სახელს (Paul Bocuse).
Bocuse d'Or-ის წინ საქართველოს უძლიერესი მზარეული ჯერ კონტინენტის პირველობას ეწვევა ტალინში.
შემდეგი Bocuse d'Or გაიმართება 2021 წელს. 1987 წელს საფრანგეთში დაარსებული კონკურსი 30 წლის განმავლობაში კარნახობს ტენდენციებს გასტრონომიულ სამყაროს და სხვადასხვა ქვეყნის შეფ-მზარეულებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ თავიანთი ოსტატობა, ასახონ ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციები და მოიპოვონ Bocuse d'Or-ის მთავარი ჯილდო.
ეროვნული შესარჩევი ტური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.