18+! მოზარდებს ღამის კლუბებსა და უფროსებისთვის განკუთვნილ კინოსეანსებზე არ დაუშვებენ

გამოწერა
დაწესებულება, რომელიც ახალი კანონმდებლობის წესებს დაარღვევს, პირველ ჯერზე ათასი, ხოლო მეორედ სამი ათასი ლარით დაჯარიმდება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, არასრულწლოვნებს ღამის კლუბებში შესვლა აეკრძალებათ.

გაფრთხილება დამსაქმებლებს: როდის კრძალავს კანონი არასრულწლოვნის დასაქმებას>>

გარდა ამისა, 18 წლამდე ახალგაზრდებს აეკრძალებათ უფროსებისთვის განკუთვნილ კინოსეანსებზე დასწრება, მუშაობა ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის სფეროებში. კაფეებსა და ინტერნეტ-სალონებში მოზარდები ღამის საათებში ყოფნას მხოლოდ მშობლების ნებართვით შეძლებენ.

ბავშვები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ - Sputnik საქართველო
უჩვეულო პროექტი თბილისში: ბავშვებს ბიზნესის „ანბანს" შეასწავლიან

დაწესებულება, რომელიც ახალ მოთხოვნებს დაარღვევს, 1 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში კი – 3 ათასი ლარით.

ასეთივე ჯარიმები ვრცელდება ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებაზე. ბიბლიოთეკები, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, გააკონტროლონ ინტერნეტ-სივრცე და შეზღუდონ იმ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომლებმაც ბავშვებს შეიძლება ზიანი მიაყენოს.

ასევე აკრძალულია მოზარდებისთვის იმ ჟურნალებისა და გაზეთების მიწოდება, რომლებიც მათთვის საშიშ ინფორმაციას შეიცავს. ეს მოქმედება დაისჯება 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. ამასთან, დოკუმენტში არ არის განმარტებული, რა სახის ინფორმაცია ჩაითვლება „საშიშად".

ავტომანქანით ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები მკაცრდება – ვიდეო>>

ყურადღებით უნდა იყვნენ დამსაქმებლებიც. 1 იანვრიდან არ შეიძლება არასრულწლოვნის დასაქმება ისეთ სამუშაოზე, რომელიც მას ხელს შეუშლის განათლების მიღებაში, ან დააზიანებს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, მორალურ, ემოციურ, სოციალურ და გონებრივ განვითარებას. ეს 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

არასრულწლოვნის ჩართვა ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას, დაისჯება 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით.

ყველა ახალი ამბავი
0