პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება

გამოწერა
უფასო პარკირებით ისარგებლებენ შშმ პირები, ელექტრომობილების მფლობელები და ადგილობრივი მოსახლეობა. ამისათვის მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტომობილების პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ფასიანი პარკინგის ზონა თბილისში - Sputnik საქართველო
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისში კიდევ ერთ ადგილზე ამოქმედდა

სამშაბათს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც არასათანადო ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა, მერის სიტყვებით, კანონი მუნიციპალური ავტობუსების განახლების შემდეგ ამოქმედდება.

„ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე, ეს არის ახალი ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები, ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. მოგეხსენებათ, პარკირების ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს, პარლამენტმა პარკირების გაძვირებაზე ჩვენს ინიციატავას მხარი დაუჭირა და ის 50 ლარი გახდა", – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, შეიცვალა ჯარიმის შესახებ შეტყობინების ჩაბარების წესი. აქამდე ის ადრესატს მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა. ახლა სამართალდარღვევის ოქმი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე tp.ge. ასევე დაჯარიმებულებს ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გაეგზავნებათ.

„იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში პირი შევა აღნიშნულ ვებ-გვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას", – აღნიშნა კალაძემ.

თამაზ რობაქიძე - Sputnik საქართველო
რობაქიძე: ზონალური პარკინგის არეალში მანქანის გაჩერება უფასოა მათთვის, ვინც...

მთავრობის სხდომაზე კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომელიც  ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ის პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებს შეეხო. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი, ორი ან სამი ლარია და გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის სწრაფი აპარატების, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ადგილებში უფასო პარკირებით ისარგებლებენ შშმ პირები, ელექტრომობილების მფლობელები და ადგილობრივი მოსახლეობა. ამისათვის მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე ან ასეთ უბნებზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურებში.

პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0