თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი დაჰაკეს. საიტის გახსნისას ჩნდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I'll be back („მე დავბრუნდები“).
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, კიბერ-შეტევები ვებ-გვერდზე ხშირად ხდება და IT სამსახური მათ მოგვარებაზე მუშაობს. მათი თქმით, ამ პრობლემის შესახებ ახლა არკვევენ.
გარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს ვებ-გვერდებზე. გატეხილია ქედის მერიისა და საკრებულოს, ასევე სახანძრო დეპარტამენტის საიტი. იგივე ფოტო ჩნდება მასმედიის განვითარების ფონდისა და თავისუფალი უნივერსიტეტის საიტებზე. ასევე ვებ-გვერდებზე: rogor.ge, arma.ge, argo.ge. ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისათვის 2000-მდე ვებ-გვერდია დაჰაკული და რაოდენობა კიდევ იზრდება. ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი საიტები, ძირითადად, კომპანია „პროსერვისის“ სერვერზე არიან განთავსებული.