თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან ბულინგისა და ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliპირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა
პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა მოსწავლეებს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა გააცნეს და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზეც ისაუბრეს.

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. ძველი თბილისის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და მანდატურები.

უწყების ცნობით, შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

„მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურებსა და ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გააცნეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზეც ისაუბრეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათზე რეაგირებას, ასევე, ამ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

რა სიახლეები ელის სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს? >>

მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ.

სკოლებში დანერგილია ანტიბულინგური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან. თუმცა სკოლაში ძალადობისა და ბულინგის თემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას.

ყველა ახალი ამბავი
0