თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს რეგიონებში ამოქმედდა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე". ორგანიზაციამ მიზნად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარება დაისახა.
ორგანიზაციის პრეზენტაცია ახალციხეში გაიმართა. ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილია.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ღონისძიების სტუმრები: რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი, ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე და სხვები. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ელგუჯა ბიჭაშვილი.
„მოძრაობის დამფუძნებლები მხარს უჭერენ იმას, რომ ე.წ. სახალხო დიპლომატიის გზით გადალახონ სირთულეები და ყურადღება გაამახვილონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დადებით მომენტებზე, მათ შორის, ჩამოაყალიბონ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ამ მიდგომის მხარდასაჭერად", - განუცხადა „Sputnik-საქართველოს" რცხილაძემ.
პირველივე შეხვედრაზე შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრა. ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში რუსი ბავშვების დასვენების ორგანიზების წინადადებით გამოვიდა.
„პარუნაშვილმა კონკრეტული წინადადება წამოაყენა - იგი თავისი ხარჯით რუსეთიდან საქართველოში დასასვენებლად ეპატიჟება 50 ბავშვს. მას აქვს საკუთარი სასტუმრო მდინარე ფოცხოვის პირას - ესაა გამაჯანსაღებელი კომპლექსი თბილი წყაროებით. მან ვლადიმერ ხომერიკს გადასცა საგზურები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისატანად. აი, ეს არის სახალხო დიპლომატიის პირველი მაგალითი", - აღნიშნა რცხილაძემ.
თავად ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს მუშაობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მომუშავე ქართველებს დაეხმარონ მეზობელ ქვეყანაში დასაქმების ოფიციალური ნებართვის მიღებაში.
„ჩვენი მრავალი მოქალაქე რუსეთში არალეგალურად მუშაობს. ფაქტობრივად, ისინი დასაქმებული არიან, მაგრამ იურიდიული დოკუმენტები არ აქვთ... ჩვენი სურვილია, რუსეთის მხარემ რუსეთში მათ ყოფნას ლეგალური ხასიათი მისცეს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იქ ოფიციალურად იმუშაონ და ჩვენი მძიმე სოციალური ვითარება ცოტათი მაინც გამოსწორდეს", - განაცხადა რცხილაძემ.