თბილისის მერია მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეიძენს

© photo: Sputnik / Stringerმეტროს ვაგონი
მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მეტროპოლიტენისთვის 40 ახალ ვაგონს შეიძენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2018-2019 წლებში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. იგეგმება 2020 წლის ივლისამდე პერიოდში ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემების მთლიანად შეცვლა, რაც მეტროპოლიტენის გახსნის დღიდან, 1966 წლიდან არ მომხდარა.

სარემონტო სამუშაოები მეტროში - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: რა შეიცვლება

2019 წლის დასაწყისში მეტროს ოთხი შემადგენლობა განახლდა, წლის ბოლომდე კი კიდევ რვა განახლდება, რაც, ქალაქის მერიის აზრით, 2,5 წუთამდე შეამცირებს ინტერვალს მატარებლებს შორის.

„ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა... ამ დროისთვის ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. ვაგონები დაახლოებით 60 მილიონი დოლარი ჯდება და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს მოწოდებული", – განაცხადა კალაძემ.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროში არსებული გაუმართაობის გამო დაიგეგმა. 2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.

ყველა ახალი ამბავი
0