08:00 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (184)
11610

აბასთუმნის ობსერვატორია მთელ მსოფლიოშია ცნობილი – 80 წელზე მეტია აქ ტარდება სამეცნიერო კვლევები და ასტროფიზიკური დაკვირვებები.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ გადადის.

ქართული ობსერვატორია NASA-ს ორგანიზებით გლობალურ ჰაკათონს პირველად მიიღებს >>

მანამდე ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ აბასთუმნის ობსერვატორია გაძლიერდება და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება.

„აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არა მარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიოსთვის. სულ რამდენიმეა ასეთი უნიკალური, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანია განათლება და მეცნიერება, მათ შორის. აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლიეროთ ეს სამეცნიერო კერა – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

აბასთუმნის ობსერვატორია ხელმისაწვდომი იქნება ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო ორგანიზაციის, მკვლევარისა და მეცნიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის მდგრადობის და დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრის შესწავლა.

გასული წლის ივნისში ობსერვატორიაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, მიმდინარეობს შენობის სრული რეკონსტრუქცია. ობსერვატორიას აქვს 14 ტელესკოპი, რომელთაც განახლება სჭირდება.

ობსერვატორიის შენობაში დაგეგმილია ტურისტული ცენტრის, ასევე ასტროტურიზმის ცენტრის შექმნა, რომელიც შენობის პირველ სართულზე განთავსდება. მეორე სართულზე განთავსდება ბიბლიოთეკა, ხოლო მესამეზე – ოფისი.

თემები:
განათლება საქართველოში (184)

მთავარი თემები