Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბავშვობიდან მქონდა ხილვები“ – ქართველი მერლინ მონრო „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ მონაწილეობს

© Photo: Maria Cimintia MariLyn / FBმარია ციმინტია
მარია ციმინტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ახალი სეზონის პირველი გადაცემა ეთერში 28 სექტემბერს გავა.

ქართველი „მერლინ მონრო“ – მარიამ ციმინტია საზოგადოებას რამდენიმე პროექტიდან ახსოვს. პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ მან ყურადღება არა მხოლოდ ამერიკელ სექს-სიმბოლოსთან გარეგნული მსგავსებით, არამედ ვოკალური მონაცემებითაც მიიქცია.

როგორც აღმოჩნდა, სიმღერის ნიჭთან ერთად პროფესიით მხატვარსა და მსახიობს ეზოთერიკის ნიჭიც აქვს, რომლის წარმატებულ გამოყენებასაც აპირებს რუსეთში, რეალითი-შოუში „ექსტრასენსთა ბრძოლა“. შოუს ახალი სეზონის პირველი გადაცემა ეთერში 28 სექტემბერს გავა, მანამდე კი „Sputnik–საქართველო“ მარია ციმინტიას რუსეთში დაუკავშირდა, სადაც ის შოუს ჩაწერაზე იმყოფება.

- მოგვიყევი როგორ მოხვდი პროექტში... 

- საქართველოში ვარ ცნობილი როგორც მომღერალი, რომელიც მერლინ მონროს ტიპაჟია, თუმცა ეს არ არის ჩემი ერთადერთი ნიჭი. გადავწყვიტე შემევსო განაცხადი „ექსტრასენსთა ბრძოლის“ საიტზე, რადგან ვიფიქრე, რომ მოვიდა დრო, ვაჩვენო ხალხს ჩემი მეორე მხარე. ძალიან მიყვარს ეზოთერიკა და ამ სფეროთი ვარ გატაცებული. ბავშვობიდან მაქვს ხილვები და ჩემ გარშემო ვინც არის, ეს იციან. დამირეკეს, გავიარე პრეკასტინგი ინტერნეტში „სკაიპით“ და მიმიწვიეს რუსეთში პირველ კასტინგზე.

- როგორ შეხვდნენ შენი ოჯახის წევრები პროექტში შენ მონაწილეობას?

- საქართველოში ძირითადად ვოკალურ პროექტებში ვმონაწილეობდი. ჩემი ოჯახის წევრები ამაყობენ ჩემით, იციან, რომ მებრძოლი ვარ. ჩემი ოჯახი რომ არა, აქ არ ვიქნებოდი. მათი მორალური მხარდაჭერა ჩემთვის მთავარი ემოციური მხარეა, რომელიც მაძლევს ძალას ვიბრძოლო.

- რის დამტკიცებას აპირებ შოუში და რას მოელი?

- პრიზი არის „ლურჯი ხელი“. სამეულში თუ მოვხვდები, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. საკმაოდ კარგად მივდივარ, მაქვს წარმატებები და იმედი მაქვს, ბოლომდე მივალ. 5 ათასი ადამიანისგან 13 აგვარჩიეს. უკვე წარმატებაა, რომ აქ ვარ. ნელ-ნელა „ვიქოქები“, თავიდან შეცდომებით მივდიოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს კარგად ვხედავ ყველაფერს. ყოველთვის ვოცნებობდი ამ გადაცემაში მონაწილეობაზე. პროექტის შემდეგ ვაპირებ გავხსნა ეზოთერიკული მაღაზია, რომელიც საქართველოში არ არის. რამდენიმე წელია ვწმენდ აურებს, ჩემს მეგობრებს ვეხმარები და ახლა სერიოზულად მინდა მივხედო ამას და ამ სფეროში გადავინაცვლო. ჩემ გარშემო ვინცაა, ყველამ იცის ჩემი ნიჭის შესახებ. შოუ-ბიზნესის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ძირითადად ვეხმარები. რა თქმა უნდა, არც მუსიკას დავანებებ თავს და ვფიქრობ იმაზეც, გავაკეთო ეზოთერიკული შოუ, რომელიც მისტიკური და საინტერესო იქნება.

- რა გაგიჭირდა, რა იყო ყველაზე ძნელი შენთვის?

- პირველ რიგში, საშინელი გრაფიკი გვაქვს. ბევრი ბრძოლა გვიწევს, რაც ფსიქოლოგიურ სიძლიერეს მოითხოვს. ეკრანიდან ძალიან ადვილი ჩანს, თუმცა ძალიან სტრესული გარემოა. ბევრი ისეთი ადამიანი გხვდება, ვისაც პრობლემები აქვს, ვიღაც გაჭირვებულია, დაკარგა შვილი. მორალურად და ენერგეტიკულად ძალიან განვიცდით მათ ამბავს. არავის ეგონოს, რომ ამ გადაცემაში ჩაწყობები ხდება. წინასწარ არასდროს ვიცით სად წავალთ. უცებ გვირეკავენ, მივყავართ ჩვენთვის უცნობ ადგილზე, ან ქალაქში და იქ, ადგილზე გვეუბნებიან რა შეჯიბრია, ვის უნდა შევხვდეთ და რა უნდა გავაკეთოთ – გამოვიცნოთ სად გარდაიცვალა ესა თუ ის ადამიანი, ან გამოვიცნოთ რომელიმე ადამიანის გაჭირვება.

- როდის აღმოაჩინე, რომ განსაკუთრებული ნიჭი გაქვს?

- სადღაც 5 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. მქონდა პატარა ხილვები, ყოველთვის ვიცოდი რა იქნებოდა ხვალ, მქონდა სპეციფიკური ხილვები, თუმცა ყველა თვლიდა, რომ ეს ბავშვური ფანტაზიები იყო და ყურადღებას არ აქცევდნენ. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ნელ-ნელა დავუმტკიცე ხალხს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და ეს ჩემი ფანტაზიები არ იყო.

- ეს ნიჭი მემკვიდრეობით გადმოგეცა?

- განსაკუთრებული ნიჭი ბებიისგან გადმოგვეცა მეც და დედასაც. დედას ჰქონდა ხილვები. ახლაც ძალიან ბევრ რამეს ხედავს, უბრალოდ არ საუბრობს ამაზე ხმამაღლა. ექიმია პროფესიით და არაა დაინტერესებული ეზოთერიკით, თუმცა თავის პროფესიაში ეს ნიჭი, რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება.

- პირად ცხოვრებას რაც შეეხება, შენი ნიჭი კაცებს არ აშინებთ?

- ასეც ვერ ვიტყოდი. კაცებთან ურთიერთობაში ჩემი ნიჭი უფრო მეხმარება, ვიდრე ხელს მიშლის. ვინც მყავდა, ყველას ძალიან მოსწონდა, რადგან ძალიან ვეხმარებოდი ყველაფერში, თუნდაც ბიზნესში. ვხედავ ხოლმე, რომ დავშორდები ამ ადამიანს, თუმცა არ ვწყვეტ ურთიერთობას, რადგან იმასაც ვხედავ, რომ ამ ადამიანისგან სიკეთეს, სიყვარულს მივიღებ. ყველაფერი დროებითია ამ ცხოვრებაში – რაღაცა იწყება და მთავრდება, ამიტომ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ იმ მომენტში იმისგან, რაც მაქვს...

ყველა ახალი ამბავი
0