13:06 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
196 0 0

უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გასულ წელს გაუქმდა

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება გამოაცხადა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, განცხადებების მიღება უკვე მიმდინარეობს. მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია hr.police.ge-ზე და hr.gov.ge-ზე.

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა. შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.

ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.

კერძოდ, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას მიიღებენ შრომის ანაზღაურების ნახევარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი  ოფიცრები ეტაპობრივად გადანაწილდებიან სამოქმედო ტერიტორიებზე.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. უწყების ცნობით, აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით - მთელ საქართველოში დაინერგება.

ქართველ IT-სპეციალისტებს უცხოეთში დასაქმებაში დაეხმარებიან >>

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გასულ წელს გაუქმდა.

მთავარი თემები