ცვლილებები ეროვნულ გამოცდებზე: საგანი, რომელსაც აბიტურიენტები 2020 წლიდან აღარ ჩააბარებენ

© courtesy of NAEC Georgiaაუდიტორია
აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები სამ ძირითად საგანში ჩააბარებენ გამოცდას, გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდის დამატების შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. 2020 წლიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება, აბიტურიენტები ოთხის ნაცვლად, სამ გამოცდას ჩააბარებენ, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საგამოცდო დარბაზი - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები მარტივდება

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას ოთხი სავალდებულო გამოცდიდან სამ გამოცდამდე და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მომზადების დონის უკეთ შეფასებას.

 „საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი", - აღნიშნეს სამინისტროში.

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები სამ ძირითად საგანში ჩააბარებენ  გამოცდას: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა. მესამე გამოცდა კი დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. კერძოდ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
ბატიაშვილის რეფორმები - ახალი ღვინო ძველ ტიკებში ვერ თავსდება?!

გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდის დამატების შესაძლებლობა ექნებათ. ასარჩევი საგნებია ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივიდან გამომდინარე, აბიტურიენტებს ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია. რაც შეეხება მეოთხე საგანს, აბიტურიენტს არჩევანის გაკეთება მოუწევს მათემატიკას, ქიმიას და ფიზიკას შორის. მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-სა.

რაც შეეხება შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებს, 2019 წლის ჩათვლით პერიოდში აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან კი, სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა, ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.

რაც შეეხება გრანტებს, სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

გამოცდებისათვის მომზადება - Sputnik საქართველო
სიახლეები წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

ამ დრომდე საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ოთხ გამოცდას აბარებდნენ. აქედან სამი სავალდებულო იყო - ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები, უცხო ენა და ერთი არჩევითი გამოცდა - ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წელს დაინერგა და იგი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა არამარტო პედაგოგებისა და ექსპერტების, არამედ აბიტურიენტების მხრიდანაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0