თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც მერამდენე თვეა მოითხოვს 2017 წლის დეკემბრის მოვლენების კანონიერ გამოძიებას, პოლიცია პარლამენტის წინ კარვის გაშლის ნებას არ აძლევს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს>>>
ამ დროისათვის პარლამენტთან დაახლოებით ათამდე პოლიციელი იმყოფება. მათ საკუთარი უარი იმით ახსნეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ სარემონტო სამუშაოებია დაგეგმილი.
„მე თქვენ წინააღმდეგობას არ გიწევთ. ეს თქვენ უნდა დაიცვათ ხალხის უფლებები. თუ თქვენ იცავთ ხალხის უფლებებს, მაშინ რატომ არ მაძლევთ კარვის გაშლის უფლებას?" – მიმართა მაჩალიკაშვილმა პოლიციელებს.
ამასთან, პარლამენტის წინ ყოველდღიურად, 19:00 საათზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. აქციები იმართება როგორც მიტინგის, ისე გამოფენებისა და კონცერტების სახით, რომელშიც სხვადასხვა მომღერალი მონაწილეობს.
რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, იგი თავისა და მხარის არეში სასიკვდილოდ 2017 წლის 26 დეკემბერს ტერორისტ აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ სპეცრაზმმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ ეჭვმიტანილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.
მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ თემირლანს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ტელეფონი ეჭირა. მეტიც, მათი მტკიცებით, ახალგაზრდას ტერორისტებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ტერორიზმთან ბრძოლა
რაც შეეხება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, მათ თბილისში აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია უძღოდა წინ. სპეცოპერაცია თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა – 2017 წლის 21-22 ნოემბერს. ეჭვმიტანილები თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტნენ და სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩატაევმა თავი აიფეთქა, დანარჩენები კი სპეცრაზმმა დახოცა. კიდევ ერთი თანამოაზრე სპეცოპერაციის დასაწყისშივე დააკავეს.
აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს შოაიპ ბორზიევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა საცხოვრებელი ბინა, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ, და მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმში შავაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სუს-მა ჩატაევისთვის საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისას დახმარების გაწევაში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენა–დაკავების ოპერაცია დაიწყო. შედეგად, პანკისის ხეობაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
2018 წლის იანვარში თბილისსა და ახმეტაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს – ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივლისში დამნაშავედ ცნო ყველა პირი, გარდა გორნიკაშვილისა და ჩოფანაშვილისა. მათი საქმე ცალკე იხილება.