12:39 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
„რუსთავი2“-ის მიკროფონი

პაატა სალია: ტელეკომპანიაში სავალალო ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)
183 0 0

ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა, აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალი გენერალური დირექტორი

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანამშრომლების ხელფასების გაცემა შეიძლება დაგვიანდეს, განაცხადა პირველი არხის ეთერში ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

ხუთშაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ამის შემდეგ „რუსთავი2“-ის წილების ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. ხუთშაბათს ხალვაშმა განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, ყველა თანამშრომელი ადგილზე დარჩება. გვარამია შეცვალა ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, რომელიც ხუთშაბათიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავს.

ამჟამად ის ტელეარხის ფინანსური მდგომარეობის შესწავლით არის დაკავებული, რომელიც, მისი შეფასებით, საკმაოდ სავალალოა.

„არ დავადასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ახალ მფლობელსა და დირექტორს განცხადებით მიმართეს და სამპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს. მოთხოვნებს შორის არის  საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღება და ასევე გასართობი გადაცემების წამყვანების და სარედაქციო გუნდის უცვლელად დატოვება. აღნიშნულ მოთხოვნებს სალია ქიბარ ხალვაშს დღეს გააცნობს.

„მესაკუთრის გადასაწყვეტია ფაქტობრივად ყველაფერი, მაგრამ ვითვალისწინებთ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ ჟურნალისტებს. სწორედ მათი პოზიციების და მოთხოვნების გათვალისწინებით ითქვა ჩვენგან, რომ არ ვაპირებთ ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში. ყოველდღე შეგეძლებათ ნახოთ, რომ არავინ არ ერევა მათ სარედაქციო საქმიანობაში და არავინ ხელს არ უშლის მათ გააკეთონ კრიტიკული გამონათქვამები, მათ შორის დირექტორის მიმართაც, მესაკუთრის მიმართაც“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

არხის წამყვანმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა ადრე განაცხადეს, რომ სალიას ნდობას მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადებენ, როდესაც ის მათ გრძელვადიან შრომით ხელშეკრულებებს გაუფორმებს.

სალია გაბუნიას არ გაათავისუფლებს, დანარჩენი „მასზეა დამოკიდებული“ >>

ამავე დროს, პარასკევს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა. მისი ინტერესების წარმომადგენელმა გია ზოდელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

პირველ ეტაპზე ოქრუაშვილმა მოითხოვა მიღებული იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტელეარხის გაყიდვა აიკრძალოს მანამ, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდება.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)

მთავარი თემები