02:52 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ მაშინაც მე მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი...“

© AP Photo / Shakh Aivazov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)
191 0 0

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებისთვის თავისი „წილის“ 80%-ის გადაცემას აპირებს

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ხალვაში იყო ხელის ბიჭი, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გასულ ღამეს საფრანგეთიდან ჩამოფრინდა.

ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო >>

სარჩელი სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა შეიტანა. მისი სიტყვებით, არსებობს 2010 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. დოკუმენტის პირობების თანახმად, თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა, მას ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ყალბი უწოდა.

„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით. დამთავრებულია, „რუსთავი 2“ მაშინაც მეკუთვნოდა მე და ხვალაც იქნება ჩემი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ არხის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს და განაცხადა, რომ რამდენიმე ჟურნალისტს წილს გადასცემს, რათა მათ სამართლებრივად იბრძოლონ.

„ვაპირებ, ხვალ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80 პროცენტი, პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, რომ მათ გააგრძელონ დავა „რუსთავი 2“-ის კანონიერების დაბრუნებისთვის. ყველა ჟურნალისტს სათითაოდ ხვალ ჩამოგითვლით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

აღნიშნული დოკუმენტი 2016 წელს გამოჩნდა. იმავე წელს ოქრუაშვილმა ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა და ვალის პროცენტებით დაბრუნება მოითხოვა. სარჩელის თანახმად, 2005-2010 წლებში ხალვაშმა ოქრუაშვილისგან 7,7 მლნ დოლარი ისესხა, რომელიც 2015 წლამდე წლიური 10%-ით უნდა დაებრუნებინა. საერთო ვალმა, პროცენტებთან ერთად, 13 მლნ დოლარი შეადგინა.

ტელეკომპანია ახალი რეალობის წინაშე ხუთშაბათს დადგა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„რუსთავი 2" და ახალი სასამართლო: არენაზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის >>

ამის შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი დარჩება ადგილზე გენდირექტორ ნიკა გვარამიას გარდა. იმავე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%) გადაფორმების შესახებ. მოგვიანებით კი დარეგისტრირდა ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია.

ჟურნალისტებმა ახალ ხელმძღვანელობას პირობა წაუყენეს: თუ გენდირექტორი კონტრაქტებს წარუდგენს ტელეკომპანიის ბირთვს – წამყვან ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის სამსახურების ხელმძღვანელებს, ისინი მზად არიან მას ნდობა გამოუცხადონ. პასუხად სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს პრეტენზია მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ აქვს, დანარჩენებს საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ, თუმცა, კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)

მთავარი თემები