09:20 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
მართლმსაჯულება

20 ივნისის აქციის დაშლა - სასამართლომ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (367)
50 0 0

პროკურატურამ იმერლიშვილის აღიარებითი ჩვენების შემცველი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არეულობა თბილისში: დაკავებულია აქციის კიდევ სამი მონაწილე>>>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

იმერლიშვილის დაკავების შესახებ პროკურატურამ განცხადება ორშაბათს გაავრცელა. გამოძიების ცნობით, იმერლიშვილმა რუსთაველის გამზირზე 21 ივნისს, გამთენიისას გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

იმერლიშვილის დაკავება პროკურატურამ მოითხოვა, ადვოკატი კი 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლე ჩახნაშვილმა ჩათვალა, რომ მოწმეებზე ზეწოლის რისკი არსებობდა.

იმერლიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

ამასთან, პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ ბრალდებულს იმერლიშვილის აღიარებითი ჩვენების შემცველი ფარული ჩანაწერი აქვს.

„ამ ფარულ ჩანაწერში მოტივაციაზე საუბარი ნაკლებად არის. თუმცა, თავად ბრალდებული საუბრობს, რომ მან ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ დაარტყა ხელი და ფიზიკურად გაუსწორდა დაკავებულ პირს. ეს ფარული ჩანაწერი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენიბაში გაკეთდა ვიდრე იგი ოფიციალურად გამოიკითხებოდა. მას არავინ არ დაპირებია რაიმე გარანტიას აღიარების სანაცვლოდ. მისი აღიარება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგადაა მოპოვებული ", – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

გარდა ამისა, პროკურატურამ გამოაქვეყნა აქციის მონაწილის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - "ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და "ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად".

იმერლიშვილთან ერთად, ასევე დაკავებულია შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

აქციის დაშლის დროს შსს-ს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკანორ მელიას კი ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. მელაის პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

გარდა ამისა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 11 ადამიანი.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, როგორც 20-21 ივნისის მოვლენების პასუხისმგებელი პირის გადადგომაა.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (367)

მთავარი თემები