მაია ასათიანს მამაკაცების „ბულინგში“ ადანაშაულებენ – ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება

© Facebook / Maia Asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანი კაცების დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტი მაია ასათიანი ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, კერძოდ იმაში, რომ მის საავტორო გადაცემაში მოხდა სიძულვილის ენის გამოყენება „დაბალი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი“ მამაკაცების მიმართ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მოქალაქე გოჩა უგლავამ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ 2019 წლის 2 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პროფილში“ წამყვან მაია ასათიანის მიერ გადმოცემული ტექსტით დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. კერძოდ, ჟურნალისტმა სიძულვილით მოიხსენია დაბალი, ღიპიანი და ბანჯგვლიანი მამაკაცები.

საავტორო გადაცემა „პროფილში" წამყვანი თავის სტუმრებთან ერთად განიხილავდა, თუ როგორი მამაკაცები მოსწონთ. მოწვეული სტუმრები ასახელებენ სხვადასხვა თვისებებს, ნიშნებს, რომელიც მოსწონთ მამაკაცებში, ამასთან ერთ-ერთმა სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის გარეგნობას არა აქვს მნიშვნელობა, რასაც მაია ასათიანი შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „ანუ, გამოგვივიდა ჭკვიანი, იუმორის გრძნობის მქონე, ქარიზმატული. დაბალი, მსუქანი და ბანჯგვლიანი არ მინდა, ეგეთს არ მივცეთ სტიკერი“.

მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
მაია ასათიანის თამამი ფოტოები საცურაო კოსტიუმში: სად ისვენებს ტელეწამყვანი?

„სამწუხაროდ, ჟურნალისტის მხრიდან ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, ის ხშირად იყენებს მსგავს სიძულვილის ენას“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გოჩა უგლავამ.

ქარტიის საბჭომ გაიზიარა უგლავას პოზიცია. როგორც ქარტიის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, გადაცემაში მოხდა სიძულვილის ენის გამოყენება.

„მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. კერძოდ, კონკრეტული გარეგნული და ფიზიკური მახასიათებლები, მაგალითად, სიმსუქნე, სიმაღლე, ჭარბთმიანობა მოხსენიებულია შეურაცხმყოფელი კონტექსტით, სახეზეა ასეთი გარეგნობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაცია ფიზიკური ნიშნით, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ მიმზიდველნი", – ნათქვამია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

„რა თქმა უნდა, ქარტიის გადაწყვეტილება არის ადეკვატური. ქარტიის საბჭო არაა უფლებამოსილი სანქციების დაწესებაზე. მხოლოდ დაადგინა, რომ კონკრეტული მუხლი დაირღვა, თუმცა ესეც უკვე შედეგია“, – უთხრა სააგენტოს გოჩა უგლავამ.

ჟურნალისთა ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0