„საბა" ჩატარდება – მიუხედავად TBC Bank-თან დაკავშირებული სკანდალისა

© Facebook / SABA"საბა"
საბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიტერატურული პრემია „საბა" გასული წლის ლიტერატურულ პროცესს აფასებს და საუკეთესო ავტორებს გამოავლენს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „საბა", რომლის გამართვაც 2019 წელს პრემიის მთავარი სპონსორის – TBC Bank-ის ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაინც ჩატარდება, განაცხადა „საბას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა.

პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

2019 წლის იანვარში პროკურატურამ 17 მილიონი დოლარის შესაძლო გათეთრების შესახებ 2008 წელს ჩატარებული ერთ-ერთი საბანკო ოპერაციის შესწავლა დაიწყო. ეჭვი TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაჩნდა. ეროვნული ბანკის მოთხოვნით მათ თანამდებობები დატოვეს. მიმდინარე წლის მაისში TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე გახდა იური კოსკელო.

„ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო წლევანდელი "საბას"გამოცხადება და ჩატარება სათუო გახდა, დამფუძნებლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება – წელს "საბა" აუცილებლად ჩატარდება. ახლა და ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწერლებისათვის თავისუფალი, უკომპრომისო და არა კონიუნქტურული პლატფორმების გადარჩენა და შენარჩუნება, მათ შორის „საბასი", – წერს რატი ამაღლობელი Facebook-გვერდზე.

რატი ამაღლობელმა საკუთარი პუბლიკაცია სოციალურ ქსელში TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და ლიტერატურული პრემიის თანადამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გაუზიარა.

როგორც ცნობილია, 2002 წელს პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა და სცენარისტმა დათო ტურაშვილმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მამუკა ხაზარაძეს მიმართეს დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემიის დაწესების ინიციატივით. ერთი წლის შემდეგ, 2003 წელს, წიგნის საერთაშორისო დღეს საქართველოში პრემია „საბას" დაჯილდოების პირველი ცერემონია გაიმართა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა" გასული წლის ლიტერატურულ პროცესს აფასებს და საუკეთესო ავტორებს გამოავლენს. წელს პრემიას მეჩვიდმეტედ გადასცემენ. ღონისძიების თარიღსა და პრემიის სხვა დეტალებზე, რატი ამაღლობელის სიტყვებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0