პირველად საქართველოში: ვიდეოჯარიმების გადახდა ონლაინ იქნება შესაძლებელი

© Sputnik / Alexander Imedashviliვიდეოკამერები გზებზე
ვიდეოკამერები გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეძლებენ, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.

„ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებ-გვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და, მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით (1%) შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.

უცხოურ ნომრიანი მანქანა თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რატომ არ აჯარიმებენ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს

საქართველოში 2017 წლის 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით ხდება სამართალდარღვევების დაფიქსირება. ამ რეგულაციების თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

ამასთან, 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 ათასამდე ვიდეოკამერა, მათ შორის – 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

ყველა ახალი ამბავი
0