18:34 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
135 0 0

შსს არ გამორიცხავს, რომ თბილისში აქციის დაშლისას ორმა პოლიციელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დარღვევებს სწავლობს, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

თბილისის ცენტრში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

„ამ ეტაპზე 10 სამართალდამცველს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შსს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

21 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მომხდარი ფაქტის სრული სურათის შექმნა, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს უმნიშვნელო კანონდარღვევაც კი. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ მოუწოდა საზოგადოებას მიაწოდოს პოლიციელთა დანაშაულის დამადასტურებელი ფოტო, ვიდეო და სხვა მასალები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ“. დანაშაული ისჯება სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები