ზაზა სარალიძე: „ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ“

© Sputnik / Alexander Imedashviliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს, 4 ივნისს დააკავეს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ჩავთვალოთ, რომ სამართლიანობა აღდგა, მაგრამ ვნახოთ, როგორ იმოქმედებს პროკურატურა, განაცხადა 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავების ფაქტზე.

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს>>>

შსს-მ სამშაბათს მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი 16 წლის მოსწავლეები – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე გახდნენ. კონფლიქტი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელებს შორის მოხდა.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი საპატიმროს 8 ივლისს დატოვებს

მკვლელობის ბრალდებით მალე დააკავეს ორი არასრულწლოვანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს, სასამართლომ იგი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

გუშინ ამ საქმის განხილვა დასრულდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. გ.ბ.-ს მიმართ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, იგი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო აღნიშნულ საქმეში. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო.

„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად იბრძოდა ამ სამართლის მიღწევაში. ასევე მათ, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას", – განაცხადა სარალიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, იგი კალანდიას დაკავებას ელოდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელი დაადგინა

„ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ. როდესაც ბრძოლა დავიწყე, ჩემი შიდა გამოძიებით დავადგინე, რომ ის ჩემი შვილის მკვლელობაში იყო ერთ-ერთი დამნაშავე. ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში, რადგან ეს სამართალი საჭირო იყო, რათა მსგავსი პრეცედენტები არ განმეორდეს", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კალანდია მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს, 4 ივნისს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0