თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოცდების რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარების მიზანი საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე.
კანონპროექტის მიხედვით, პირველი ეტაპი – სპეციალური მანევრები, ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
ამასთან, ცვლილებებით, პირს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული იქნება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას (ჩაბარებისას) უფლება ექნება, მართოს სატრანსპორტო საშუალება და იგი ჩაითვლება მძღოლად.
„აქედან გამომდინარე, აღნიშნული გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც ეხება მართვის უფლების არმქონე ან მართვის უფლება შეჩერებული-ჩამორთმეული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთან, აღნიშნულ გამოცდაზე პირის დაშვება ხდება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის ცვლილებასაც გამოიწვევს. კერძოდ, თეორიულ გამოცდაზე დაშვება გახდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა, პრაქტიკული გამოცდის თითოეული ეტაპის საფასური დადგინდება დამოუკიდებლად.
B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.
A, C, D, BE, CE, DE კატეგორიის და A1, A2, B1, C1, D1, C1E და D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.
გარდა ამისა, დაშვებული გახდება მოტოციკლით სასწავლო სვლა ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ მარშრუტებზე, რაც დღეისთვის აკრძალულია.
გარდა ამისა, „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება.