დაჯარიმდებით სამ დღეში ერთხელ! ტექდათვალიერების წესები მკაცრდება

© Sputnik / Levan Avlabreliტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ, იუწყება „რადიო თავისუფლება" შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელ ბექა ლილუაშვილზე დაყრდნობით.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების წესებში ცვლილებები შევიდა>>>

სამინისტრო შესაბამისი ინიციატივით პარლამენტისთვის მიმართვას გეგმავს.

„დღეს არსებული მდგომარეობით, მძღოლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ტექნიკური ინსპექტირება, ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ. ეს არის შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან. რადგან კანონში არ არის დაკონკრეტებული დაჯარიმების ზუსტი პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე პარლამენტში შევიტანთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება", – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.

პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება. ნორმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში მძღოლს კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა ეძლევა. ტექდათვალიერების ხელახლა გავლა იმავე ცენტრში უფასოა.

თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

მიმდინარე წლის 14 იანვრიდან ტექინსპექტირების პროცესში ჩაერთო ე.წ. „ჭკვიანი კამერები", რომლებიც ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი. ტექნიკური ინსპექტირებისგან თავის არიდების შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში ჯარიმდებიან.

ამჟამად საქართველოში 40 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც მთლიანობაში ავტომობილების შემოწმების 89 ხაზია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები იმგვარად არის განაწილებული, რომ ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარია.

 

ყველა ახალი ამბავი
0