თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქში მიკროავტობუსების მუშაობის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
კახა კალაძე 10-მეტრიანი ავტობუსის საჭეს მიუჯდა>>>
ადრე კალაძემ განაცხადა, რომ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის შექმნა. შესაბამის პროექტს 2019 წელს ფრანგული კომპანია Sistra შეიმუშავებს.
„ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა ქალაქში მიკროავტობუსები. გასულ წელს ფრანგულმა კომპანია „სისტრამ" დაიწყო კვლევა და ძალიან მალე გვექნება სრული მონახაზი", – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მანამდე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მიკროავტობუსები გახდება ძირითად ტრანსპორტთან – მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება. სავარაუდოდ, ისინი ცენტრალურ ქუჩებში არ იმოძრავებენ.
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
მარტის შუა რიცხვებში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას ითვალისწინებს.
სხვა დანარჩენთან ერთად, გენგეგმა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სქემის განვითარებას. იგი დაიყოფა სატრანზიტო, რაიონულ და ლოკალურ სახეობებად.
სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო და ავტობუსი) ფუნქციაში იგულისხმება სწრაფი და ეფექტური კავშირი ქალაქის ერთმანეთისგან დაშორებულ წერტილებს შორის და ქალაქში გადაადგილების უზრუნველყოფა.
რაიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოცანა იქნება რაიონის შიგნით, ასევე მეზობელ რაიონებს შორის საშუალო მანძილებზე მგზავრების ტრანსპორტირება, ასევე სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ლოკალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოცანას კი წარმოადგენს მგზავრების გადაყვანა მოკლე მანძილებზე – რთული რელიეფის ადგილებში და ისეთ არეალებში, სადაც ტრანსპორტზე დაბალი მოთხოვნაა; ასევე რაიონული და სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.