„ჩემი ფესვებით ვამაყობ" – მამუკა ბახტაძე საპატიო ხონელი გახდა

© Sputnik / Alex Shlamovმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ ხონში დღესასწაული „ხონელობა" გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქალაქ ხონის საპატიო მოქალაქე გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საპატიო წოდება პრემიერს სახალხო დღესასწაულ „ხონელობის" ფარგლებში მიანიჭეს, რომელიც ქალაქის ბულვარში იზეიმეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

„მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში ექსტრემალური ატრაქციონები მოეწყობა

პრემიერის სიტყვებით, ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს.

„თქვენი თხოვნის თანახმად, ყველა სკოლა, რომელიც ამას საჭიროებს, დროულად იქნება რეაბილიტირებული. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას, ასევე ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი, სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმარ-მასპინძლობა", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ასევე შეუერთდა დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსვლელობას. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ბახტაძე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო გიორგობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგიას.

ხონი ქალაქ ქუთაისიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. რაიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ოკაცეს კანიონი, რომელიც იმ ადგილების ხუთეულში შევიდა, რომელიც 2018 წელს ყველაზე ხშირად მოინახულეს.

ოკაცეს კანიონს 2011 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.

 

ყველა ახალი ამბავი
0