თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის მერია უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით სამშენებლო ობიექტების შემოწმებას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში 2018 წლის 1 აგვისტოდან შრომის ინსპექტორებმა დაიწყეს მუშაობა, რომლებსაც ნებისმიერ ობიექტზე ან საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების უფლება აქვთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე... აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა კიდევ ერთხელ ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გააცნობიერონ როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ისე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული", – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემების თანახმად, საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანებები მიიღო 37-მა.
სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბოლო ფაქტი აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო Autograph Collection-ის სამშენებლო სამუშაოების დროს 10 მეტრის სიმაღლიდან სამი მუშა ჩამოვარდა და დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აპრილის დასაწყისში კი თბილისში ტრაგედია მოხდა – ჭავჭავაძის გამზირზე ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი – 25 და 40 წლის მუშა ცოცხლად დამარხული აღმოჩნდა.
აქცია პარლამენტთან: სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნის დღე>>>
მეორე დღეს რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და პროფკავშირებმა, მათ შორის, "თეთრმა ხმაურმა", „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრმა" და „ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრმა" ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მუშებისთვის შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. აქციის ლოზუნგი იყო „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ".
შემთხვევა მოხდა აგრეთვე თებერვლის შუა რიცხვებში, როცა თბილისში მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.
2018 წლის მარტში პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.
ამ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულ კანონს უფრო მაღალი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაიზრდება. ისინი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებენ აბსოლუტურად ყველა კომპანიის შემოწმებას. აქამდე შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდული იყო: კანონი მოქმედებდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოს ასრულებდნენ.