თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ კვერცხისა და ხორცპროდუქტების ისეთ ადგილებზე შეძენისგან, სადაც პროდუქტის შეძენის პირობები და ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე (FAO) დაყრდნობით.
აღდგომის დღეებში კვერცხსა და ხორცზე მოთხოვნა იზრდება, რის გამოც, სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული პროდუქტების რეალიზება არასათანადო, არასაიმედო პირობებში ხდება, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.
ორგანიზაციების რეკომენდაციით, ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია ორიდან ექვს გრადუსამდე, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე მაჩვენებელს:
- ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი), ასევე დამზადების თარიღი და საათი;
- თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
- თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
- სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს მოთავსებული.
- ასევე ცალ-ცალკე უნდა მოთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვ.) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ, როცა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხს 0 გრადუსიდან 10 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახავენ, შესაძლოა, მომხმარებელს კვერცხი მიეწოდოს მისი დადებიდან ერთი თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა.
კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება შემდგომ გარემოებებს უნდა მიაქციოს:
- კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;
- მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე;
- მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს, სასურველია დაცული ხელებით;
- იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას.
FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს ეხება სხვა პროდუქტებსაც, მაგალითად, რძეს, ყველს, თევზს და ა.შ.