თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-მა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ>>>
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა.
თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ უწყებამ საგანმანათლებლო პროცესში ციფრული რესურსების დანერგვა გადაწყვიტა. მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და კომპანია Microsoft Georgia-ს წარმომადგენელმა ქეთევან რატიანმა, ერთობლივი პროექტების რეალიზება მოხდება. ამ საკითხში საქართველოს Microsoft-თან ერთად ტალინის უნივერსიტეტიც დაეხმარება.
Microsoft-ის დახმარებით საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებს საქართველოს საჯარო სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე კონსულტაციებს გაუწევენ. გარდა ამისა, დაგეგმილია პედაგოგების გადამზადება და მათთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო მასალების მიწოდება.
მოსწავლეები და პედაგოგები უზრუნველყოფილი იქნებიან ელექტრონული რესურსებით, რათა მარტივად მოხდეს ინფორმაციების გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების შექმნა, ინფორმაციის გავრცელება და სასწავლო პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურად გამოყენება.
საოცნებო სამსახური: ქართველი IT-სპეციალისტები Microsoft-ში დასაქმებას შეძლებენ>>>
კომპანია Microsoft-ი მსოფლიო ლიდერია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.
Microsoft-ი საქართველოს განათლების სამინისტროსთან თითქმის ათი წელია თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია ატარებს ტრენინგებს, სემინარებსა და კონფერენციებს მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.