თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს, რომელმაც წარმატებით შეასრულა С ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, სანიმუშო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ქართული დელეგაცია ავსტრიაში, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე საპატიო სტატუსით იმყოფება. კონგრესის ერთ-ერთი სესია საქართველოს მიღწევებს მიეძღვნა. სესიაზე საქართველოს „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი გადაეცა.
აღნიშნული საპატიო ტიტული დავით სერგეენკოს, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარემ, მასიმო კოლომბომ გადასცა.
„ჩვენთვის უდიდესი პატივია მსოფლიოში პირველი „სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია Gilead-მა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყანაში არსებული ვითარება ამ მიმართულებით. სერგეენკომ გამოხატა სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალი სახელმწიფო გაიზიარებს საქართველოს გამოცდილებას, რაც ქვეყანას 2015 წლიდან გააჩნია.
„ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი“ ვენაში 10 აპრილს გაიხსნა და 14 აპრილს დასრულდება. კონგრესის ფარგლებში ღვიძლის დაავადებების საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან - Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებენ.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 150 ათასი ადამიანს ესაჭიროებოდა მკურნალობა С ჰეპატიტზე. 2015 წლამდე მკურნალობა ხელმისაწვდომი იყო ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
С ჰეპატიტი საქართველოში - მკურნალობა 150 ათას ადამიანს სჭირდება >>
მაგრამ ამჟამად С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 45 ათასი პაციენტიდან განიკურნა 98%.