თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით უწყებაში დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო შეიქმნა.
როგორ ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლება დიასპორასთან: ახალი ინიციატივები>>>
სამმართველოს მთავარი მიზანი ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცებაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად უწყების საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი ფუნქცია დაემატა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის ახალ სამმართველოდ ჩამოყალიბდა.
ბატიაშვილმა მსგავსი სამმართველოს შექმნის პირობა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გერმანიაში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზე მისცა.
მინისტრმა დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს შექმნა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ დიასპორის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიღება მუდმივ რეჟიმში მოხდეს.
საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას.
უცხოეთში საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა>>>
სამმართველო ასევე იმუშავებს სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის - შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამების და ა.შ. დოკუმენტების მომზადებაზე. ამასთან დაკავდება საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებში სამინისტროს მონაწილეობის ორგანიზებით, უწყების საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებითა და ა.შ.
ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით, ასევე მათთვის გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც ისინი საკუთარი პოზიციისა და შენიშვნების დაფიქსირებას შეძლებენ. ამასთანავე გაძლიერდება დისტანციური სწავლება და ელექტრონული რესურსები.