დეპუტატის ინიციატივა: მართლმადიდებელი მღვდლების გარდა ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ

© Ministry of Defence of Georgiaწვევამდელთა ფიცის დადება
წვევამდელთა ფიცის დადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ საქართველოს ხელისუფლება კანონის ცვლილებაზე დათანხმდება, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ფსევდორელიგიური ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევის საშუალება აღარ იქნება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა კონფესიისთვის გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ.

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა">>>

აღნიშნული ნორმა საკუთარი ინტერესებისთვის უკვე გამოიყენა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი". პარტიამ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

„გირჩის" მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციაში უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

„პირებს, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად განაცხადებენ უარს – მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან და არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს", – განაცხადა სესიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ინიციატივის თანახმად, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ.

გირჩები - Sputnik საქართველო
„გირჩელი“ მამაოები – ახალი მღვდელმსახურები თუ მოტყუებული წვევამდელები

საქართველოში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა, არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური. წვევამდელებს აგზავნიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების დაცვის სამსახურში და ა.შ.

საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. წვევამდელთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა.

სესიაშვილის აღნიშნულმა ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებში.

„მე არ შემიძლია ამას დისკრედიტაცია ვუწოდო, მაგრამ ეს არათანაბარი უფლებებია. მინდა მარტივი მაგალითი მოვიყვანო: მე, როგორც ეკლესიის მსახურმა, არ შემიძლია ჩემი მრევლიდან ერთს უფრო დიდი ყურადღება მივაქციო, ვიდრე მეორეს. თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს ყველას", – განაცხადა საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის დიაკვანმა არტაკ ანტანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

სესიაშვილის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარტია „გირჩის" ლიდერები ახალი საკანონმდებლო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, ასევე არ გამორიცხავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

 

ყველა ახალი ამბავი
0