განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას

© photo: Prime Time / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებები მოსალოდნელია განათლების ყველა ეტაპზე.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაგეგმილი რეფორმების საზოგადოებისთვის გაცნობას იწყებს.

ექსპერტებმა განათლების სისტემაში რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. რეფორმები ოთხ წელს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში. 

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

„რეფორმის ყველა მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული და მათი განხორციელება აქტიურ ფაზაში გადადის. რეფორმების პაკეტი ორიენტირებულია ფუნდამენტურ ცვლილებებზე და სამინისტრო საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში, ყოველკვირეულად დეტალურ ინფორმაციას წარმოუდგენს“, – განაცხადა ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დაწყებითი განათლების საფუძველი გახდება აღსაზრდელების პიროვნული განვითარება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა, პედაგოგების გადამზადება და მშობლებისთვის დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნა, აღნიშნა მინისტრმა.

ბატიაშვილმა ასევე დააანონსა ახალი სასკოლო მოდელის დანერგვა, რომლის მთავარი ამოცანა მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარებაა. ახალი მოდელი ითვალისწინებს პედაგოგების გადამზადებას, განახლებულ ინფრასტრუქტურას და ა.შ.

პროფესიული განვითარებისთვის ინერგება დასაქმების მოქნილი მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონულ განვითარებაზე.

ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაშიც. სამინისტრო ამ მიმართულებით მთავარ ამოცანად ასახელებს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული განათლების სისტემასთან ინტეგრაციას. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სისტემის დაფინანსება გასამმაგდება

ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უწყებაში სამეცნიერო სფეროს განვითარებას ასახელებენ.

განათლების საკითხებში ექსპერტის თამარ ჯაყელის სიტყვებით, განათლების სისტემის რეფორმა ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს.

„ჩვენ ვიმუშავეთ საპილოტე სკოლაში, რომელშიც ინერგება ახალი მოდელი, გაკვეთილებზე ახალი პროცესი. ნათლად ჩანს ბავშვების, პედაგოგების ენთუზიაზმი, ის შედეგები, რომლებიც მსგავსი ტიპის გაკვეთილებს მოაქვს“, – განაცხადა ჯაყელმა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს მომავალ ოთხ წელიწადში ქვეყანაში განათლების სისტემის შეცვლა. რეფორმა პირველ რიგში შეეხება თავად საგანმანათლებლო დაწესებულებებს – ყველა მათგანი მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. 2019 წელს სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე 750,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, უმაღლეს განათლებაზე – 167 მილიონი ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0