თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, აღნიშნულია უწყების ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს, დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას დილით პაციენტი გადაჰყავდა, რა დროსაც მათი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მუშებისთვის განკუთვნილ ჯიხურს დაეჯახა. დაშავებულებს შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორი ექიმია.
„აღნიშნული შემთხვევის მომენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და ის გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თორმეტივე დაშავებულს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მას ელენთაც აქვს დაზიანებული.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.