თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული მართვის მოწმობები, რომლებიც სატვირთოების, მიკროავტობუსების და ავტობუსების მართვის უფლებას იძლევა, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალას კარგავს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეცვლას ექვემდებარება C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები.
დღეიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ აქვთ >>
ამისათვის მძღოლებმა უნდა მიმართონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს, მიიტანონ ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარია, ხოლო აღდგენის - 35 ლარი.
მართვის მოწმობის შეცვლისას გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის.
C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები 2014 წლის 1 მარტამდე გაიცემოდა უვადოდ, ხოლო შემდგომში - 5 წლის ვადით.
რაც შეეხება A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილის შემდეგ არის გაცემული, მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა.
2018 წლის აპრილამდე შსს უცვლიდა მართვის მოწმობებს იმ მძღოლებს, ვისაც ის 2006 წლამდე აქვს მიღებული.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.