თბილისის ცენტრში ახალ საბაგირო გზას ააშენებენ

გამოწერა
საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის მთასთან დააკავშირებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „თანაინვესტირების ფონდზე" დაყრდნობით.

სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური „თავისუფლების მოედანთან" მდებარე სასტუმრო Luxury Collection-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც დაუკავშირდება ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, შემდეგ კი – თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ-კლუბს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას", – აღნიშნავენ ფონდში.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება რვაადგილიანი 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 ათასი ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფენ. სრული პროექტის დაგეგმარებასა და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერი" (Doppelmayr), ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია „არ-ემ-ესი" (RMS).

პანორამა თბილისის ერთ-ერთი კომპლექსის მშენებლობა - Sputnik საქართველო
„პანორამა თბილისი“: სასამართლომ საქმე ნაწილობრივ შეწყვიტა

„ამ პროექტის მეშვეობით საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად მსგავსი პროექტი კომპანია „დოპელმეიერმა" ჩინეთში, კერძოდ, მაკაოში განახორციელა", – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

საბაგირო გზა პროექტ „პანორამა თბილისის" ფარგლებში შენდება, რომელიც ერთბაშად ოთხი ბიზნეს-ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის" მიერ ფინანსდება. „პანორამა თბილისი" არაერთხელ გამხდარა ეკოლოგებისა და გარემოს დამცველების საპროტესტო აქციებისა და კრიტიკის საგანი.

ამ დროისთვის თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს – რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0